საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში საქართველოს ელჩი ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში.
„მე ვთვლი, რომ ელჩი არჩილ გეგეშიძე უნდა ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში, თუმცა, გამომდინარე პრემიერის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომლებიც იყო გაერო-ს ფორმატის მიღმა, იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში და ამაში უკანონობის დანახვა არის უფრო გადამეტება, იმიტომ რომ ამაში უკანონო ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. როცა ამ საკითხებზე გვიწევს კომენტარების კეთება, მიმაჩნია,რომ არის ცუდი და მიმაჩნია, რომ რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების დაგეგმვისას, მით უფრო სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები, მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გნცხადებით, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, მას არჩილ გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.