ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქცია დასრულდა. აქცია, დღეს, 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიწყო და 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას "თავისუფალი ზონის" წევრები, მოქალაქეები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქცია მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს.
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეკრებილებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს, რომ "რუსთავი 2" ორ თვეში დახუროს და მათ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ”ბიძინა უნდა წავიდეს” და ეს საზოგადოებასთან შეთანხმებულია. ”საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს”.
ამავე აქციაზე ცნობილი გახდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ცნობისთვის, ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.