“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნიტ, პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. პარტიის ლიდერების აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
”ნაცმოძრაობის” ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ რომელ პოლიტიკურ ძალებთან აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას.
“ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
”მოვითხოვთ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”, - განაცხადა წერეთელმა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ცნობისთვის, ქუთაიში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.