მოვითხოვთ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
”უსამართლობაა ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ, როდესაც არ ისჯებიან “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილე პირები, ხოლო სხვა შემთხვევაში ხდება მათი დაკავება”, - განაცხადა წერეთელმა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
ცნობისთვის, ქუთაიში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.