"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გეგმავენ.
გივი თარგამაძის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტთან დაკავებული მათი სამი მომხრის მხარდამჭერ აქციებს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გივი თარგამაძის თქმით, ეს პირადად არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება აღსრულებაში მოიყვანა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მან პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ.. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.