მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი, გაუქმდეს და სასჯელად განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.
პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ კაჭახიძემაც, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. დღევანდელ სხდომაზე კაჭახიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგის, კონსერვატორ გიგა ბუკიას ადგილმონაცვლე იყო.
კანონპროექტს ახლა უკვე პარლამენტის სესიაზე ეყრება კენჭი.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. ცვლილების მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.