საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკური ვითარების გაუარესების მიზეზად, საგარეოსთან ერთად ქვეყნის შიდა შეცდომებსაც მიიჩნევს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა დისპორის წარმომადგენლებს მდგომარეობის გამოსწორების ვადები ვერ დაუსახელა.
„ახლა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, ეს განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მოლოდინი ბევრად უფრო მაღალი გვქონდა, შეცდომები იყო ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ მაინც ძირითადი გარე ფაქტორია. რამდენი ხნით დაამუხრუჭა ამ კრიზისმა რეგიონის და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ამაზე დღეს ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს კრიზისი როდის ამოიწურება, ამის პროგნოზირება ძნელად თუ შეიძლება,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს.
,,ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა მოქალაქეობის მიღებიდან გამომდინარე, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. თუ შეიცვლება კანონი, თუ ცვლილებაზე პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, შემდეგ სხვანაირად იყოს,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.