ხვალ, 28 სექტემბერს, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, 4-დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა. დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.
საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ანგარიშის გამოქვეყნებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება.
არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილი ქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.