ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას პრემიერბთან დაკავშირებით, ღია კარის მტვრევას უწოდებს და აცხადებს, რომ ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას
"მე მგონია, რომ ღია კარებს ვამტრევთ, პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ", - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, პრემიების არსებული სისტემა გადასახედი არაა და საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ მის მოწესრიგებაზე.
"თავისთავად ცხადია, ჩვენ მზად ვართ ყველასთან შევიდეთ კომუნიკაციაში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, რომ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს, რითაც მისი განმარტებით, 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.