ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე, უარი თქვა, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებზე კი უარი განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის სამი კანდიდატი. 22 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ორი კანდიდატის შეთანხმებაზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კანდიდატები პრეზიდენტსა და სფეროს ექსპერტებს შორის გამჭვირვალე და მედიის ჩართულობით უზრუნველყოფილი პროცესის შედეგად შეირჩნენ", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მარინა გულედანიც და დავით ასლანიშვილიც პროფესიონალი კანდიდატურები არიან, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობას ისინი ხელმეორედ წარუდგინოს.
,,პროფესიონალ კანდიდატებზე უარი ითქვა იმ დროს, როცა ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა, თუ ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. ტარიფები კი არის ის თემა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სწორედ იმ დროს, როდესაც სემეკ-ი არის ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარეფებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ საკითხში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ. სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ გადაწყვეტილების მეტ გამჭვირვალობას, მეტ სამართლიანობას, მეტ სანდოობას და მეტ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ისევ ეს ორი პროფესიონალი კანდიდატი ახალიდან წარუდგინოს საქართვველოს მთავრობას", - განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.