საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ბერძენ კოლეგას წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მკაფიო მანდატი და ბერძენი ხალხის მხარდაჭერა მოგცემთ მტკიცე რწმენას, ენერგიასა და შემართებას, რომლებიც საჭიროა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც თქვენ გელით. გისურვებთ წარმატებას თქვენს სამომავლო წამოწყებებში, რომელთა მიზანიცაა თქვენს ქვეყანაში წინსვლისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ, რომ სიხარულით გაგიწევთ მასპინძლობას საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. საქართველოსა და ელინური რესპუბლიკის მოქალაქეებს აკავშირებთ განსაკუთრებით ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენს მთავრობასთან, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, რისთვისაც, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით, გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.