ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ასევე, ელჩი ავღანეთში დაჭრილ 43-ე ბატალიონის სერჟანტს პაატა როსტობაიას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით ვუთანაგრძნობ რიგითი ყულიჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების - ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულიჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება“. - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.
პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია.