საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული.
პრემიერ-მინისტრის პოზიციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წამოადგენს.
„როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა ინიცირება ახალი ცვლილებებისა, იდეა იყო სწორედ იმაში, რომ უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებად ორგანოდ ქცეულიყო ეროვნული უშიშროების საბჭო და თუნდაც ის ექსკლუზიური უფლებები, რომლებიც კონსტიტუციით პრეზიდენტს ჰქონდა გაწერილი, ჯერ ამ სათათბირო ორგანოს მეშვეობით ყოფილიყო გავლილი და შემდეგ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული. სადაც იქნებოდა პრეზიდენტი, სადაც იქნებოდა პრემიერმინისტრი და ის მინისტრები, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს სხდომას დღეს ასევე ვერ დაესწრებიან გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი სესიაშვილი და თედო ჯაფარიძე.