პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ესაუბრა. როგორც უსუფასშვილმა აღნიშნა პაპუაშვილს სთხოვა საკითხის უახლოეს პერიოდში გაერკვა.
,,გუშინ საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან. ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც გადაწყვეტილების შინაარს შეეხება, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის, ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა, ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი და არც მეორე ვერსია ცალ-ცალკე, თუ ერთობლიობაში არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო იმ ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდეს, რაც აუცილებელია. პაპუაშვილმა საუბრისას ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, თუ რაშია საქმე. იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით უკმაყოფილო. ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეების განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯოს, არსებული თემა, დავა და დანარჩენი -კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ პოზიციების გამოთქმას. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს არა იმიტომ რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით თუ მოსამართლე თუ ვერ მიდის სასამართლოში, მაშინ შეიძლება გადაწვეტილების მიტანა მოსამართლესთან.
უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მითქმა-მოთქმა უახლოეს მომავალში დასრულდება.