მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევით წარუდგინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"რეგლამენტით, ანგარიშის წარმოდგენა გათვალისწინებულია სესიის პირველი კვირის განმავლობაში. ჩვენი პირველი კვირა 4 სექტემბერს დასრულდა. მთავრობის ანგარიშს ჩვენ 4 სექტემბრამდე ველოდით. შემოვიდა 11 სექტემბერს. ასე რომ, მინდა საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს, დავიცვათ ვადები. ეს დარღვევა არის სრულიად ცხადი. ამასობაში, იმ ტიპის დარღვევა არ არის, რომ სანქციებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ კომიტეტებში ანგარიშის განხილვის დროს ამ თემაზეც ყურადღება იქნება გამახვილებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მთავრობის ანგარიში განსახილველად კომიტეტებს გადაეცათ და ვადა 15 ოქტომბრამდე მიეცათ.