საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი იან კელის ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, ელჩი გეგმავს დაეხმაროს საქართველოს რათა სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.
,,,ჩემთვის პატივია, საქართველოში შეერთებული შტატების ახალ ელჩად ვიმსახურო. თბილისს პირველად 1976 წელს ვესტუმრე, მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველოდები, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს. ნატო-სა და ეუთო-ში ჩემი მუშაობის შემდეგ, განსაკუთრებული პატივისცემით ვუყურებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილს. როგორც აშშ-ის ელჩი ეუთო-ში და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 2013 წელს, კარგად ჩავწვდი რეგიონულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. აგრეთვე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოცხლებას. მე დიდებულ ქალაქ ჩიკაგოდან ვარ. ჩემს მეუღლე ფრანჩესკას, ჩვენ შვილებსა და მე, რა თქმა უნდა, მოგვენატრება ჩიკაგოს ლეგენდარული, ღრმა თეფშში გამომცხვარი პიცა და ჩვენი საყვარელი ბეისბოლის გუნდი "ჩიკაგო ქაბსი", მაგრამ სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ ხაჭაპურს და ვუყურებთ საქართველოს საფეხბურთო გუნდის თამაშს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით, ახლოს გავიცნოთ ქართული ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა და მომაჯადოებელი უძველესი კულტურა", - აცხადებს იან კელი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ იან კელმა რიჩარდ ნორლანდი შეცვალა. ის საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა.