იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მიდის. როგორც მან პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე გაანაცხადა, საქართველო
მას 2011 წლიდან შეუერთდა, თუმცა ქვეყანა უკვე ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის მმართველი კომიტეტის წევრია.
მინისტრის თქმით, საქართველო ახლა რიგით მეორე სამოქმედო გეგმით მუშაობს და მიმდინარეობს მუშაობა რიგით მესამე სამუშაო გეგმაზე.
,,სიმბოლურია და მიხარია ძალიან, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ტარდება. ეს ის შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული, პოლიტიკური მოვლენა მომხდარა. ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა რევოლუციები, მაგრამ საქართველომ უარი თქვა რევოლუციებზე და ჩვენ უკვე დიდი ხანია მივდივართ განვითარების, ევოლუციის გზით. როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრმა, მინდა გითხრათ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში მინდა ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტს მივულოცო ის, რომ სწორედ აქ, თბილისში ხდება საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ეს საშუალებს გვაძლევს, რომ უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არამედ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.