პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას - საკონსტიტუციო ცვლილებები საკონსტიტუციო კომისიამ განიხილოს, პარლამენტში არ გაითვალისწინებენ.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სავალდებულო არ არის. მისი თქმით, საკითხის განხილვა გარკვეულ დროს მოითხოვს.
„მისი განხილვა დროსთან არის დაკავშირებული. ის ინიცირება რაც მოხდა, ბუნებრივია თეორიულად შეიძლეოდა მომხდარიყო მისი განხილვა საკონსტიტუციო კომისიაში, მაგრამ რაიმე სამართლებრივი ვალდებულება, რომ მაინცდამაინც ჯერ კომისიაში განხილულიყო და შემდგომ მომხდარიყო ამის ინიცირება კანონმდებლობაში ასეთი რამე არ არსებობს,“ - აცხადებს გიორგი კახიანი.
ოპოზიცია ხელისუფლებას ინსტიტუტების უპატივცემულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კომისია ხელისუფლებამ ფორმალურად შექმნა.
„საკონსტიტუციო კომისია იყო ფორმალურად შექმნილია. მას არ განუხილავს ის საკითხები, რომელიც დღეს არის შემოტანილი. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ცალ მხარეს არის ოპოზიციური პარტიების მთლიანი სპექტრი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს რომ ვაჩვენოთ, რომ ამ მხარეს დგას ხალხის ნებაც და მეორე მხარეს არის ერთი ოლიგარქის ნება-სურვილი, რომელსაც ემსახურება 81 დეპუტატი,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი ლევან თარხნიშვილი.