იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანი ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრო და მის დელეგატებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის სახელით მიმართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი დელეგატებს საქართველოში ევროპული ტიპის, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „საქართველოს მიზანი ძლიერი და ეფექტური ინსტიტუტების მშენებლობაა... საკონსტიტუციო სასამართლოს კი, როგორც კონსტიტუციური პრინციპების გარანტორს, არსებითი როლი აქვს ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირებაში“.
თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისათვის განხორციელებული რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის თქმით, გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისათვის თითოეული ადამიანის უფლებების დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თეა წულუკიანმა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზეც ისაუბრა.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, საქართველო- ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაა, რომელიც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის სამართალთან. იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს ამ საკითხებზე. ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ევროპულ სამართალთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, მეორე მხრივ კი - საკონსტიტუციო პრინციპების განმტკიცება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ვენეციის კომისიის, აშშ-ის, ევროპისა და აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენცია - „საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ; გამოწვევები დიალოგისათვის’’ - დღეს, 9 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიხსნა.