"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი და პარტიის სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები დღეს ქუთაისში იმერეთის საოლქო ორგანიზაციების აქტივის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, იმერეთის რეგიონში წარმომადგენლებთან განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
,,არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ არ მოგვეცა საშუალება პარტიის მიმართულებით გვემუშავა. დღეს კი გვაქვს იმის შანსი, რომ პარტია იყოს ძლიერი. ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრებთ არსებულ პრობლემებზე და მის გამოსწორებაზე. ოქტომბრიდან ვგეგმავთ კონფერენციების ჩატარებას, სადაც იქნებიან არჩეული რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები", - განაცხადა კალაძემ.