მომავალი არჩევნები იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაჟურნალისტებთან, სასტუმრო "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით.
,,საარჩევნო პროცესს რაც შეეხება, ორი არჩევნები ჩატარდა, რომელიც ერთმანეთზე უკეთესი იყო და ყველა წინა არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად იქნა აღიარებული ყველას მიერ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
,,მე არ გამოვრიცხავ ცალკეული პრობლემების არსებობასაც, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მოქმედ ხელისუფლებას და ყველას საქართველოში მკაფიოდ აქვთ გააზრებული, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გადავუხვიეთ კურსიდან, მაშინ ყველაფერი უკუღმა წავა, უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, მომავალი არჩევნები იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.