7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) უმასპინძლებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“.
კონფერენცია გაიმართება სასტუმროში თბილისი ,,რუმსში”.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებს. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, გაიმართება დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.
მაკკეინის ინსტიტუტს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციის დისკუსიებსა თუ დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების ლიდერები.
დადასტურებულ მონაწილეთა სია:გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბენ ჰოდჯესი, აშშ-ს ევროპის არმიის სარდალი, ანდრეს პილდეგოვიჩი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შტეფან ფულე, ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოვების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იან ბონდი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში, სტეფანო სტეფანინი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი დევიდ კრამერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით , კურტ ვოლკერი, აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში , ლილია შევცოვა, აშშ-ს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.
ფონდ ,,ღისა საზოგადოება საქართველოს” ინფორმაციით, კონფერენციაზე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების, ექსპერტების, მკვლევარების და პრაქტიკოსების მოწვევით, კონფერენციის ორგანიზატორები ცდილობენ შექმნან ევროპის უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკური ლანდშაფტის არსებული წარმოდგენების შესახებ მსჯელობის ერთიანი სივრცე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, შემუშავდება და გამოქვეყნდება სარეკომენდაციო სახის სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედითი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უფრო აქტიურად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს და უზრუნველყონ თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების, ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი.
2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” საქართველოში აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.