2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,4 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,86 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3,6 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (12,0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 9,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (24,2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13,1-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (11,8 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები 9,3 პროცენტით გაიზარდა, რამაც 0,61 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა წლიურ ინდექსზე.