მთავრობა სპეკულაციის საფუძველს მოერიდა და ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 1-ელი იანვრამდე გადაავადა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეგლამენტის ამოქმედების გადავადება ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით მოხდა.
”ბოლო პერიოდში საუბარი იყო ფქვილის იმპორტთან დაკავშირებულ გარკვეულ შეფერხებებზე. ჩვენ არ შევქმნით საფუძველს სპეკულაციისთვის. მნიშვნელოვანია ბეზნესსექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარებაც; სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველი იანვრისთვის გადაგვეტანა”,- აღნიშნა დანელიამ.
მთავრობამ 1-ელი სექტემბრისთვის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადაიფიქრა და ის 2016 წლის 1-ელი იანვრისთვის გადაავადა. რეგლამენტის გადავადების შესახებ უკვე არსებობს მთავრობის №438 დადგენილება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და მისი ამოქმედება მოხდება 2016 წლის 1-ელი იანვრიდან.
შესაბამისად, 1-ელი იანვრიდან „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები შეიცვლება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს „ხორბლის ფქვილი“; ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, უნდა იყოს უვნებელი; მას არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ ან მკვდარ მწერებს.
დაფქვის სიმსხოს მიხედვით ხორბლის ფქვილი იყოფა ექსტრა, უმაღლესი ხარისხის, გამტკიცული, პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხის და ცეხვილ ხორბლის ფქვილად.
ბიზნესოპერატორი აგრეთვე ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, იმპორტის დროს პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული მცენარეთა მავნებლებზე დამუშავებულ ხის პალეტებზე.
ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება უშუალოდ ხორბალზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე ან იმ ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის, არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე.
რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.