„ალი და ნინო“-ს ქანდაკების ადგილმონაცვლეობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”არნაგი 21” ახორციელებდა. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი განმარტავს, ტენდერის პირობების მიხედვით, ზიანის ანაზღაურება კომპანიას მოუწევს. ზირაქაშვილის განმარტებითვე, ქანდაკება მძიმედ არ დაზიანებულა, ის მხოლოდ გაიღუნა.
აღსანიშნავია, რომ ”ალი და ნინო”-ს დემონტაჟი დღეს დაიწყო და კომპანიას ის სხვა ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციამ „ალი და ნინო“-ს ადგილმონაცვლეობის შეცვლაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 234 975 ათასი ლარი იყო
ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, ბულვარის ადმინისტრაციაში ქანდაკების ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმა დაასახელეს.
როგორც რამდენიმე თვის უკან ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინო“-ს, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იყო ქანდაკება „ნინო და ალი“-ს დემონტაჟი და მონტაჟი უსაფრთხოების პირობების ყველა ნორმის დაცვით განეხორციელებინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
ქანდაკების დემონტაჟისა და მონტაჟის დროს გამოყენებული ყველა მასალა, უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს.