ტურისტულმა სეზონმა საბანკო სექტორზე დადებითი გავლენა იქონია, - ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
"საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით, 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1%-ით გაიზარდა და 23.6 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება საკონვერსიო შემოსავლებს (სავალუტო კონვერტაციები), 2015 წლის იანვარ-ივლისში კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებში 51 მლნ ლარის მოგება ნახეს. ლარის კურსთან დაკავშირებულმა რყევებმა საკონვერსიო ოპერაციებისთვის არასტაბილური გარემო შექმნეს და შესაბამისად ბანკებმა მარტი 3 მილიონ ლარიანი ზარალით დახურეს. თუმცა აპრილ-ივლისში შედარებით სტაბილურმა კურსმა, ტურისტული სეზონის დაწყებამ, უცხოური ვალუტის შემოდინება გამოიწვია და ბანკებს შესაძლებლობა მისცა ზარალი აენაზღაურებინათ. ივნისისგან განსხვავებით, 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საკრედიტო პორტფელი 291 მლნ ლარით (2%) გაიზარდა და 15 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35%-ით მეტია. არასამთავრობო ორგანიზაცია ” საზოგადოება და ბანკების” კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ბოლო თვეებში საკრედიტო აქტიურობა შესუსტდა. მაისში პორტფელი - 19.5 მლნ-ით, ხოლო ივნისში 115.4 მლნ-ით შემცირდა. რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია ივლისში, საკრედიტო პორტფელი 291 მლნ-ით გაიზარდა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 103.1 მლნ ლარით (1.9%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 188 მლნ ლარით (2%-ით) გაიზარდა. მაისი-ივნისის ვარდნა გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რადგან სავალუტო პრობლემებმა გრძელვადიან პერიოდში დაკრედიტების შესუსტება გამოიწვია, ამას დაემატა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც, რაც პირდაპირ მოქმედებს დაკრედიტების შემცირებაზე. თუმცა ტურისტული სეზონის გააქტიურებამ საკრედიტო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რაც სასესხო პორტფელზე დადებითად აისახა. ასევე მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც და 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 350 მლნ ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იანვარში დაფიქსირდა - 17%, რაც შეეხება მომდევნო თვეების მაჩვენებლებს - თებერვალში 4%, მარტში და აპრილში 7%, მაისში 3%, ივნისში 11%-ით შემცირდა, ხოლო ივლისში 9%-ით გაიზარდა. ჯამურად 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 36%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა მთლიან პორტფელთან მიმართებაში კვლავ მხოლოდ 2%-ია. რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებულ არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, 2015 წლის პირველი აგვისტოსთვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 199 მლნ ლარით ანუ 1.6%-ით მეტია 1 ივლისის არსებულ მაჩვენებელზე. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 38 მლნ ლარით, ანუ 0.5%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 236.4 მლნ ლარით, ანუ 4.6%-ით გაიზარდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.5 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დეპოზიტებში დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.1%-ის ნიშნულზეა, 0.08%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია სესხების მიმართულებით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა ჯამურ პორტფელში 63%-ს შეადგენს.