”პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ უფრო ამცირებს დამაჯერებლობას, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს ზოგადა”, ასეთ შეფასებას აძლევს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ლართან მიმართებაში ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.
გიგა ბედინიშვილი განმარტავს, რომ მთავრობა განტევების ვაცის ძიებაშია.
”დღეს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა დავსხდეთ და შევიმუშაოთ გარკვეული ზომები, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს.
ხოტა ხნის უკან ყველაფერს სებ-ს ვაბრალებდით, დღეს კი სებ-თან ერთად ვმუშაობთ და ყველაფერს ექსპერტებს ვაბრალებთ.
ხელისუფლების მხრიდან მუდმივი მცდელობაა განტევების ვაცის ძებნისა, ხან გარე ფაქტორებია დამნაშავე, ხან სებ-ია დამნაშავე, ხანაც ბიზნესმენები არიან დამნაშავეები, რომლებიც პასიურობენ და დოლარებს აგროვებენ, ხანაც ხალხმა არ იცის და ბანკირები უნდა დაიქირავოს, ხან ექსპერტები არიან დამნაშავე. ასე ვერასოდეს ვერ შევძლებთ, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს.
პრობლემები კიდე მდგომარეობს იმაში, რომ გვაქვს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამის გარდა რა თქმა უნდა არის გარე ფაქტორები. არავინ არ უარყოფს გარე ფაქტორების უარყოფით ქმედებას, მაგრამ ამას ყველაფერს ემატება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სოციალიზმი. სოციალოზმი, რომ კარგი იყოს მაშინ ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა კარგ ფორმაში იქნებოდნენ. დღეს ისინი კი სულს ღაფავენ. ამიტომ, ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის წინ გვხვდება. როდესაც პოლიტიკოსები პოპულისტობენ, რათა ამომრჩეველთა გულები მოიგონ და ყველაფერს უფასოდ გვპირდებიან, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უფასო ბუნებაში არაფერი არ არის. პოლიტიკოსები რასაც უფასოს არქმევენ, ესეც ჩვენი გადასახდელია. ფულს ისეთ პროექტებში ვდებთ, რომელსაც ამონაგები არ აქვს. ასე თუ გავაგრძელეთ გვექნება სუსტი და ნელად მზარდი ეკონომიკა”, აცხადებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი.
გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ მოხმარება მკვეთრად შემცირებულია.
”ადამიანები დოლარსაც ნაკლებად ხარჯავენ და ასე ვთქვათ აგროვებენ. ბუნებრივია ხალხი, რომ დოლარს აგროვებს. იმიტომ, რომ ხვალ სამწუხაროდ ლარს რა მოუვა არ ვიცით. განწყობებიც უარყოფითია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომ მე მეშინია, რომ ლარი კიდე უფრო გაუფასურდება”- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის მეთაურმა თხოვნით მიმართა ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.
„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს, რადგან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე ბევრად მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკრო-ეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი უკვე გადავიარეთ. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით. 330 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული ქვეყნიდან, წლის დასაწყისში არსებული დისბალანსი გასწორებულია და ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას. ჩვენი ვარაუდით და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეს მალე გადაივლის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად გახსნილი იქნება, რათა მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.
მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და სიტუაცია, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გამოსწორებას ექვემდებარება, - ეს განმარტება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები დაბალანსებულია და აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება მთლიანად დააბალანსა.
„ქვეყნიდან ჯამში გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები. ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ზუსტდება. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარში. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებენ, საბოლოო ჯამში წაგებული დარჩებიან. სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი იქნება სადოლარე და სალარე სესხების გადახდის პერიოდი. ჩვენ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც თანდათან გამოვა ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა უახლოეს დღეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ხდებოდა გუშინ, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ, გაცვლითი კურსის გაუარესებაზე, არანაირი ზეგავლენა არ ექნება, - ინფორმაცია მთავრობის წევრებს ფინანსთა მინისტრმა მიაწოდა. ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ქვეყანაში იანვარ-ივლისში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. „ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე ველოდებით კიდევ 110 მილიონ დოლარს. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. დღემდე, ხაზინაში დავაგროვეთ 300 მილიონ ლარზე მეტი, გვაქვს 700 მლნ ლარზე მეტი დეპოზიტები და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლები გვექნება, რომელსაც არ დავხარჯავთ, ანუ ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.