ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იგეგმება.
თუმცა მანამდე, PMCG-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევა ჩაატარა და კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსალოდნელია საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის ზრდა. ასევე, გაიზრდება ჩინური იმპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.
PMCG-ში განმარტავენ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში (2-3 წელი) საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზრდება 9.0%-ით (2.1 მლნ. აშშ დოლარით).
”2014 წლის მდგომარეობით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის 75%-ს (67.4 მლნ. აშშ დოლარი) სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტი შეადგენს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინისა (28.5%) და უალკოჰოლო სასმელების (36.7%) ექსპორტი, ასევე მცირედით გაიზრდება სპილენძისა და ალუმინის ჯართის ექსპორტი (3.3%).
კვლევის მეთოდმა არ გაითვალისწინა შესაძლო ეფექტები იმ პროდუქტებზე, რომელთა ექსპორტი ჩინეთში აქამდე არ განხორციელებულა და რომელთა საექსპორტო პოტენციალზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხელშეკრულების გაფორმებამ”, აღნიშნავენ PMCG-ში.
როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფომების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში (2-3 წელი) ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზრდება 1.7%-ით (12.4 მლნ. აშშ დოლარით).
”ინეთიდან გაზრდილი იმპორტის 48% მოდის ე.წ. “ჩანაცვლების ეფექტზე”, ხოლო 52% ე.წ. “მოთხოვნის ეფექტზე”.
ჩინეთიდან გაიაფებული იმპორტი ძირითადად ჩაანაცვლებს იმპორტს თურქეთიდან. 2014 წლის მდგომარეობით, იმპორტის კუთხით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია (მთლიანი იმპორტის 20.1%), რიგით მეორე პარტნიორი კი ჩინეთია (მთლიანი იმპორტის 8.6%).
2014 წელს, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: გამომთველელი მანქანები (6%), მეტალოკონსტრუქიები შავი ლითონისაგან (4%), სატელეფონო აპარატები (3%), ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (3%) და მაცივრები, საყინულეები (3%)
საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად გაიზრდება შემდეგი პროდუქტების იმპორტი: კარები და მათი ჩარჩოები (1.4 მლნ. აშშ დოლარით), გაყინული ქათმის ნაწილები (1.1 მლნ. აშშ დოლარით), ტევადობები აირებისათვის, შავი ლითონისაგან (0.7 მლნ. აშშ დოლარით), გაპრიალებული გრანიტი (0.5 მლნ. აშშ დოლარით) და პლასტმასის სამშენებლო დეტალები (0.4 მლნ. აშშ დოლარით).
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი გაიზრდება (1.7%), თუმცა ნულოვანი იმპორტის გადასახადის გამო იმპორტის გადასახადიდან შემოსავალი შემცირდება 11.7%-ით (-8.2 მლნ. ლარით), რაც მთლიან საგადასახადო შემოსავლებს იმპორტიდან (დღგ, აქციზი, საიმპორტო ტარიფი) შეამცირებს 0.5%-ით”- აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
საქართველო-ჩინეთს შორის საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც მნიშვნელოვანია.
2014 წლის მდგომარეობით, ჩინეთი რიგით მესამე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12.4%) და ინვესტიციების მოცულობა 217.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
”აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა ახალ ზელანდიასთან, რასაც ჩინეთიდან ახალ ზელანდიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მოჰყვა.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაზრდის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსაც”- აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.