”ნარინჯისფერი რთველი” აჭარაში ოქტომბრის პირველი ნახევრიდან დაიწყება. რეგიონში სულ 100 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, წელს ციტრუსის მოსავალი გაორმაგებული იქნება.
”როგორც ცნობილია ციტრუს მეწლეურობა ახასიათებს და წელს საშუალოდ 100 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ველოდებით, ხოლო მთლიანი ქვეყნის მასშტაბით კი - 125 ათას ტონამდე ციტრუსს”,- აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ფასად მოხდება ციტრუსის ჩაბარება. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე საუბარს ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს, და განმარტავს, რომ ფასი დამოკიდებული იქნება საერთო ფონზე და თუ რა მოსავალი იქნება სხვა ქვეყნებში.
ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ციტრუსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, იგეგმება გააქტიურება შუა აზიის მიმართულებით. მინისტრი აცხადებს, რომ შუა აზიის რეგიონი ციტრუსის მწარმოებელი არ არის და შესაბამისადაც ციტრუსის იმპორტზე მოთხოვნა არსებობს.
რაც შეეხება უკრაინას, სადაც ქართული ციტრუსის დიდი ნაწილი გადიოდა, საბორნე გადასასვლელი მუშა მდგომარეობაშია და ციტრუსის გადაზიდვას პრობლემები არ უნდა შეექმნას.
ქართული ციტრუსის ექსპორტი მოხდება რუსეთშიც. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ციტრუსის შეტანით ბიზნესი კიდევ უფრო დაინტერესდება.
”უკრაინა ჩვენთვის ყოველთვის ტრადიციული ბაზარი იყო და ჩვენი ციტრუსის დიდი ნაწილის რეალიზაცია უკრაინაში ხდებოდა. საბორნე გადასასვლელიც ჩვეულებრივად მუშაობს.
რუსეთთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული გვაქვს და ვარაუდობთ, რომ საქმეში დამატებით საბორნე ტრანსპორტიც ჩაერთვება. გამოჩნდებიან ბიზნესმენები, რომლებიც ამ მიმართულებით იქნებიან დაინტერესებულნი”,- აცხადებს მინისტრი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ციტრუსის დახარისხება-დაფასოებას პრობლემური აღარ არის. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, ამ მიმართულებით ბიზნესი საკმაოდ აქტიურია და სამომავლოდ რეგიონში კიდევ 2 ახალი საწარმოს გახსნაც იგეგმება.
”ციტრუსის ჩაბარება და დაფასოება - ეს რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებით პრობლემები არ იქნება. გასულ წელს აჭარაში საკმაოდ დიდი და მძლავრი საწარმო ამოქმედდა, რომელმაც ციტრუსის პარაფირება დაიწყო და რამაც პროდუქციის შენახვის ვადა მინიმუმ 1 თვით გაახანგრძლივა. ამ სფეროში მუშაობით და საწარმოს შექმნით სხვა ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნი. უფრო მეტიც, დამატებითი საწარმოს შესაქმნელად ერთ კვირაში დანადგარების შემოტანაც მოხდება”,- აცხადებს ზაურ ფუტკარაძემ.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე მანდარინის რაოდენობამ აჭარაში 39777.425 ტონა შეადგინა, აქედან სტანდარტული მანდარინის რაოდენობა 28865,045 ტონა იყო, ხოლო არასტანდარტული მანდარინის საერთო მოცულობა - 10912,38 ტონას შეადგენდა.