ტელეკომპანია „თრიალეთი“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს, სადაც კომისიის მხრიდან ტელეკომპანია GDS-ის სასარგებლოდ დაინტერესებაზე და „ჩასაფრებულ“ პოზიციაზე საუბრობს.
ტელეკომპანია „თრიალეთი“კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მოუწოდებს დაანებოს თავი ტელეკომპანიას და მისცეს თავისუფალი მუშაობის საშუალება.
„ჯი-ეიჩ-ენი“ ტელეკომპანიის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"თრიალეთის" მიმართ ტელეკომპანია GDS-ის საჩივრის შესწავლას კომისია აქტიურად შეუდგა და მიუხედავად ჩვენი დასაბუთებისა, მაინც ჩათვალა საჭიროდ, განხილვის დანიშვნა.
პირველ სხდომაზე არა, მაგრამ, მეორე სხდომაზე, ვფიქრობთ, ჯიდიესმა ჩათვალა, რომ არამომგებიან სიტუაციაში იყო და საჩივარი გაიტანა...
თუმცა, კომისიამ "თრიალეთის" დასჯის პროცესს, ჯერ ტელეკომპანია GDS "გაარიდა" და იმავე სხდომაზე, ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა თავის თავზე აიღო.
GDS-ის საჩივრის სხდომაზე, სულ სხვა საკითხის განხილვისას, აშკარად წინასწარ დაგეგმილად (რაც ჩანაწერში გარკვევით ჩანს, თუ როგორ სიცილით და დამცინავი გამომეტყველებით ხვდებიან საკითხის დაყენებას კმაყოფილი კომისიის წევრები), კომისიის ერთ-ერთი თანამშრომელი "თრიალეთის" დასჯისთვის აყენებს ახალ შეთითხნულ საკითხს.
ბატონო ვახტანგ,
სხდომაზე თქვენი თანამშრომლის მიერ წამოწეული ჩვენი დასჯის საკითხის შესახებ, განგიმარტავთ შემდეგს:
ჩვენ, აქამდეც და ახლაც, ყოველკვირეულად გიგზავნიდით პროგრამულ ბადეს, კომისიასთან შეთანხმებულ, ელ ფოსტის შემდეგ მისამართზე: tvschedule@gncc.ge (ახლა, როდესაც შევიტყვეთ სხდომაზე დაყენებული საკითხი, მისამართი შევცვალეთ და უკვე ვაგზავნით შემდეგ მისამართზე: post@gncc.ge).
ელ ფოსტის მისამართზე პროგრამული ბადის გამოგზავნა იყო კომისიის მოთხოვნა და ჩვენც შესაბამისად ვგზავნიდით ყოველკვირა.
თქვენი წარმომადგენლის განცხადებით, თურმე პროგრამას არ ვგზავნით 2014 წლის სექტემბრიდან და ამით წესრიგს ვარღვევდით.
ჩვენ გვაინტერესებს, თუ ერთი წელი არ მისდიოდა პროგრამა, რატომ აქამდე არ მოითხოვა, ან რატომ აყენებს მაინცდამაინც GDS-ის საჩივრის განხილვის სხდომაზე თქვენი თანამშრომელი "თრიალეთის" დასჯის საკითხს? რა ინტერესი აქვს?
იგი ამტკიცებს, რომ პროგრამას ერთი წლის განმავლობაში არ ვუგზავნიდით, თუმცა არ უშვებს შესაძლებლობას, რომ იქნებ ვუგზავნიდით და რაიმე ტექნიკური მიზეზით, არ მისდიოდა?
მაგრამ, თუ სამართალია და თუ ეს კომისიის ინტერესი არ იყო, ამ საკითხის წამომწევს, კომისია იქით დასჯიდა, რომ თუ "თრიალეთისგან" ერთი წლის განმავლობაში პროგრამა არ მისდიოდა, რატო ხუჭავდა თვალს აქამდე? ეს არის პასუხისმგებლობა?
სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქნებ, მისდიოდა კიდეც პროგრამა, მაგრამ ახლა ასეთი დავალება აქვს, რომ თქვას, თითქოს არ მისდიოდა!
მართლაც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხომ არ იყო ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული?
ჩანაწერში, ხომ აშკარად ჩანს, რომ პირადად თქვენ, ბატონო ვახტანგ, წინასწარ იცოდით ამ საკითხის დაყენების შესახებ, თუმცა ცდილობთ მოუხერხებლად დამალოთ! (სხდომის ჩანაწერის ამონარიდის ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=EdBglou235A ).
ხომ კარგად ჩანს, რომ ყველაფრის საქმის კურსშია კახა ბექაური, თქვენც და ისიც სახეზე ხელაფარებული იცინით (რა იყო სასაცილო?)! (სხდომის ჩანაწერის ამონარიდის ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=HEfbOPwR50U&feature=youtu.be ).
ხომ კარგად ჩანს, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია!
სხდომაზე როგორც გაიჟღერა, "თრიალეთმა" პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა GDS-ის ჩივილი და კომისიის გააქტიურება "თრიალეთის" წინააღმდეგ. გვინდა დავასაბუთოთ, თუ რამ მიგვიყვანა იმ აზრამდის, რომ თქვენი მოქმედებები აღვიქვათ პოლიტიკურ ზეწოლად!
მაშინ როცა იმედი მოგვეცა, რომ ახალი კომისია იქნებოდა მიუკერძოებელი და ისევ არ გააგრძელებდა "თრიალეთის" შევიწროებას, ზუსტად მაშინ მოხდა ის რომ, როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც საარჩევნო მონიტორინგს აწარმოებდა, დადო დასკვნა, რომ "თრიალეთმა" ყველას თანაბრად დაუთმო ეთერი, ხოლო კომისიის მონიტორინგმა კი, "თრიალეთს" სრული სიცრუე დააბრალა, თითქოს ტელევიზიამ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას დაუთმო ეთერი.
შემდგომში, პირად საუბრებში, პირადად თქვენც და კომისის გარკვეულმა წევრებმაც, თქვით, რომ მოხდა შეცდომა და ამას საჯაროდ გამოაქვეყნებდით, მაგრამ უარყოფის განცხადება არ გამოცხადებულა და კომისიამ მოახდინა "თრიალეთის" იმიჯის შელახვა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალდანიშნულმა კომისიამ ერთხელ უკვე მოასწრო "თრიალეთისთვის" გაფთხილების მიცემა.
ამას მოყვა ჯიდიესის საჩივარი და კომისიის მყისიერი რეაქცია.
და ბოლოს, ჯიდიესის საჩივრის გატანის შემდეგ, ახლა, 20 აგვისტოს, დაინიშნა კიდევ ერთი სხდომა "თრიალეთის" პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ.
ამ ზაფხულს, ივლისის და აგვისტოს თვეებში, უკვე მესამე სხდომაა "თრიალეთის" შესახებ.
საინტერესოა, რატომ ხდება ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ?
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ყველა ფაქტი, საკმარისია იმისათვის, რომ ახალი კომისია შევადაროთ წინა ხელისუფლების დროინდელ კომისიას!
რა განსხვავებაა? რითი ხართ უკეთესი? ის კომისიაც ხომ ასე გვექცეოდა და ასეთივე მეთოდებით გვებრძოდა.
რა ცუდია, რომ სავარძლების დაკავებამდე მოგწონთ თავისუფალი ტელევიზია, ხოლო შემდეგ სიტყვის თავისუფლების მტრები ხდებით.
ბატონო ვახტანგ,
ჩვენ ისევ არ დავესწრებით 20 აგვისტოს სხდომას! მიიღეთ, ის გადაწყვეტილება, რისი სურვილიც გაქვთ!
მხოლოდ ერთი რამე გვაინტერესებს: რა მიზანი გაქვთ? რისი მიღწევა გინდათ? "თრიალეთის" მაუწყებლობის გაჩერების, თუ საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის?
წინამორბედი კომისიის მსგავსად, თქვენც ხომ არ ასრულებთ ტელევიზიის სიტყვის თავისუფლების ხარისხის დარეგულირების ფუნქციას?
გვაინტერესებს, როდის დამთავრდება ყველაფერი?
ჩვენ ხომ მთელი ზაფხული თქვენი შეტევების მოგერიებას მოუნდით და ამ დროს, ციფრულზე გადასვლის პროცესის რთულ პერიოდში, ხომ ხელს გვიშლით ნორმალურად გავაკეთოთ საქმე.
გთხოვთ, დაგვანებეთ თავი და მოგვეცით თავისუფალი მუშაობის საშუალება!