გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "როსპოტრებნაზორის" განცხადების შეფასებისას განუცხადა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესება საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციასთან მიერთებას ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება - შეისწავლიან ღვინის ხარისხს, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქციის, რომელიც რუსეთში გადის და თუ რაიმე კითხვები იქნება ამას გაარკვევენ.
,,მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას, 15 სანქციიდან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველოს გასულ წელს შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, უნდა მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით გვაქვს.