2016 წლიდან აჭარას, რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი კალენდარი ექნება. ინიციატივა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან დღეს აჭარის მთავრობას გააცნო. როგორც მამუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სტიმულირებისთვის დიდი რაოდენობის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
”აჭარის მთავრობის და თვითმართველობების ბიუჯეტებიდან იხარჯება სახსრები ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამოიხატება სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო დოტაციაზე არსებული ფოლკლორული თუ სახელოვნებო ჯგუფების და სახელმწიფოსვე დაფინანსებულ კერძო ინიციატივების საშუალებით. ეს არის საშუალოდ 110 ღონისძიება (მთელი წლის განმავლობაში) და 50 სხვადასხვა პროფილური საშემსრულებლო ჯგუფები. ეს ძალიან დიდი რესურსია. იმისათვის, რომ მოხდეს ღონისძიებების კიდევ უფრო კარგად რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელება და სამიზნე აუდიტორიის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, აუცილებელია ერთიანი კალენდარის შემუშავება.
ასევე აუცილებელია აღნიშნულ კალენდარში ღონისძიებების დიდი ნაწილი გადანაწილდეს ისე, რომ რეგიონის და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის, ტურიზმის, მოთხოვნები იქნას გათვალისწინებული. ანუ ღონისძიებათა დიდ ნაწილი იყოს კონცენტრირებული საზაფხულო სეზონის დაწყებამდე, დასრულბის შემდეგ და რა თქმა უნდა სეზონის განმავლობაში. ეს შეიძება შემდეგნაირად გადანაწილდეს: 15 აპრილი - 15 ოქტომბერი (6 თვე)”,- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, თუ სახელმწიფო არსებულ გეგმიურ ღონისძიებებს დაამატებს საშუალოდ 50 ერთეულს, რასაც ასევე დაემატება დაახლოებით 150 კერძო ბიზნესების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელთა უმრავლესობა მოდის ზაფხულის სეზონზე (3 თვე), მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აჭარას სეზონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ყოველდღიური ღონისძიებები ექნება, ხოლო საზაფხულო სეზონზე კი ყოველდღიურად რამდენიმე ღონისძიება.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მოხდება აღნიშნული კალენდრის მიზანმიმართული და მასიური რეკლამირება ქვეყნის ფარგლებს შიგნით და უცხოურ სამიზნე ბაზრებზე. რაც გულისხმობს: პირდაპირი ინტერნეტ და ტრადიციული რეკლამას თვის განმავლობაში საშუალოდ 500 000 წვდომით; დაახლოებით 200 პროფესიონალის მოწვევას (ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები); 25 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის პოზიციონირება.
”ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეიწყობს რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გამდიდრებას და მის მიმზიდველობის გაზრდას, ტურისტების კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტურისტების რაოდენობის და ზოგადად ტურიზმის ზრდის მდგრად განვითარებას , კერძო სექტორის მხარდაჭერას, ქართული კულტურის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას და ინვესტორების კიდევ უფრო დაინტერესებას”,- აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.