ანაკლიაში სტუმრების რაოდენობა შემცირებულია. ადგილობრივები და სასტუმროს წარმომადგენლები ვიზიტორების კლებაზე საუბრობენ. მათი თქმით, შარშანდელთან შედარებით, ტურისტები წელს პასიურობენ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დამსწრეთაგან ძირითადად ქართველები არიან.
ადგილობრივებისგან განსხვავებით, ვიზიტორების შემცირებას, სასტუმროს მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია. კერძო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, წელსაც 100 %-იანი დატვირთვით მუშაობენ, თუმცა ეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალთან არაფერ კავშირშია.
როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს” სასტუმრო ”პალმა ბიჩში” განუცხადეს, ამჟამად 48 ნომრიდან 46 დაჯავშნილი აქვთ.
“ერთ ადგილიანი ნომრის ღირებულება 100 ლარია. ასე იყო ყოველთვის ფესტივალისთვის ფასი არ შეგვიცვლია.
სტუმრებს რაც შეეხებათ, ჩვენთან აქტიურობა მაღალია ისევე, როგორც შარშან, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ”კაზანტიპზე” კონტინგენტი იყო უფრო დიდი, ბევრი გახლდათ უცხოეთიდან. წელს ზოგადად ნაკლებია და ძირითადად ქართველები არიან.
რაც შეეხება პროდუქტზე ფასს, შარშანდელთან შედარებით შემცირებულია”, _ აცხადებს ანაკლიაში მდებარე სასტუმრო ”პალმა ბიჩის” მენეჯერი ლელა სულეიმანიშვილი.
სასტუმრო ”ანაკლიის” მენეჯერი ლევან ჩხიკვაძეც ფასების კლებაზე და ტურისტების სიმცირეზე საუბრობს. მისი თქმით, შარშან ვიზიტორების რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო.
”გავლენა არაფერი მოუხდენია. ჩვენ პატარა სასტუმრო ვართ და Gem Fest-ი იქნება თუ არა მაინც სავსე ვიქნებით. ისედაც ივლისსა და აგვისტოში საერთოდ ადგილები არ არის, სრულად ვართ ყოველთვის დატვირთულნი, ახლაც ასეა.
შარშან დაახლოებით ორჯერ მეტი იყო ანაკლიაში. მე გუბნებით რაც ხდება საერთოდ აქ და არა ჩემს სასტუმროში.
რაც შეეხება ნომრის ფასს იგივეა, ერთ ადამიანს წელსაც 177 ლარი დაუჯდება”, _ აცხადებს სასტუმრო ”ანაკლიის” მენეჯერი ლევან ჩხიკვაძე.
სასტუმროების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ადგილობრივებს წელს შემოსავალი შეუმცირდათ. მათი თქმით, წინა წელს იმდენად მაღალი იყო ტურისტების რაოდენობა, რომ სასტუმროებში მათი სრულად განთავსებისთვის ადგილი ვერ მოიძებნებოდა და ამიტომ ბინებში ნაწილდებოდნენ. გარდა ამისა, ადგილობრივებმა პროდუქტზე ფასის კლებაზეც ისაუბრეს. როგორც მათ ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას აღნიშნეს, ღირებულება მოხმარების საგნებზე, საკვებზე განახევრებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამჯერ ნაკლებია.
”მე გაქირავებული მაქვს, მაგრამ მეზობლებს არა. სიმცირეა სტუმრების. შარშანდელთან მიღებულ მოგებას წლევანდელს ვერც შევადარებთ. ჯერ იმიტომ, რომ წელს ნაკლებია ტურისტების აქტიურობა, მეორე - ფასი ყველაფერზე შევამცირეთ, წელს გაცილებით მეტი იაფობაა.
მაღაზია მაქვს ზღვის ნაპირას, წელს გაცილებით იაფად მაქვს პროდუქტები. მაგალითად, ნაყინს ვყიდი 50- 60 თეთრად, შარშან მქონდა 1- 1.50 ლარად”, - ამბობს ეკა გვილია.