"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ -ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, "ალიანსი" არჩევნებში "მხოლოდ მონაწილეობისთვის" არ მონაწილეობს.
"ჩვენ პოლიტიკას და ამ არჩევნებს არ ვუყურებთ, როგორც ოლიმპიადას, სადაც მთავარი მონაწილეობაა", - განუცხადა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "ალიანსი საქართველოსთვის" არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, რაშიც დარწმუნებულია.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.
დღეს, 30 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. კანონის შესაბამისად, 30 აპრილის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები უნდა წარადგინონ.
ამავე ვადაში უნდა მოხდეს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო ოლქებში, კერძოდ, ოზურგეთში, გურჯაანსა და დიდუბეში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენაც.
ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.