17 ივნისს ქ. მცხეთის საკრებულოს სხდომაზე გავიდა საკითხი ქ. მცხეთის მუნისციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიისათვის ფულადი ჯილდოების (6000) ლარის ოდენობის თანხის გაცემის შესახებ. ჯილდოების გაცემა მერიისგან მოითხოვა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ამასთანავე არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
როგორც მცხეთის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა საკუთარ სოციალურ გვერდზე აღნიშნავს, მიუხედავად ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცდელობისა უარი ეთქვათ გადაწყვეტილებაზე და თანხა არ გაცემულიყო (ქამრების შემოჭერის პოლიტიკის და 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის ზარალის) გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი მაინც დამტკიცდა.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
-„პირადად მე არაერთხელ მოვუწოდე სახელმწიფო მოხელეებს, ხალხისთვის სოლიდარობის ნიშნად, თავი შეეკავებინათ პრემიების აღებისგან. ქალაქ მცხეთაში არათუ პრემიები, რამედ, ფულადი ჯილდოები დაირიგეს (განმარტებისათვის - ჯილდო არ იბეგერება). გულწრფელად მაინტერესებს, რა დამსახურებისთვის აიღეს კომისიის წევრებმა ეს ჯილდოები? სწორედ ამ კომისიამ კონკურსანტთა შერჩევისათვის გაუგებარი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რის გამოც ბევრი ღირსეული ადამიანი შეურაცხყოფილი და სამსახურის გარეშე დარჩა. ის, რაც დღეს ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ყოვლად მიუღებელი და აუტანელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მცხეთელები ამას არ იმსახურებენ. რათქმაუნდა, ეს უმსგავსოება ყველა თანამშრომელს არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი დროებით ჩრდილში არიან.
რაც შეეხება ახლად დაჯილდოებულ, „ღვაწლმოსილ“ პირებს, მათ ქვეყნის სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში ახსენდებათ, თურმე, ღვინოც ქვეყანას უნდა აყიდინონ. ალბათ, სხვისი ფულით უფრო „გემრიელად“ ისმევა. იქნებ, ნაბახუსევს მაინც გაახსენდეთ, რომ მცხეთას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს: მუზეუმი, შეჩერებული სპორტული კომპლექსი, საკოლმეურნეო ბაზარი, დაუსრულებელი კულტურის სახლი, გაძვირებული წყლის ტარიფი და კიდევ სხვა მოუგვარებელი საკითხები. დღეს ამაზე მხოლოდ ერთეულები ზრუნავენ.
მცხეთის მომავლის შექმნაში განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან ველი აქტიურ ჩართულობას და საზოგადოებრივ კონტროლს ხელისუფლების ნებისმიერი რგოლისადმი. ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი დროებითია და მცხეთაში ღირსეული კაცის სიტყვას კვლავ ფასი დაედება“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.