რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ევროსაბჭოს პოლიტიზებული რეზოლუციების შესრულებას არ აპირებს. ამის შესახებ ლავროვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა, როდესაც ასამბლეის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირს ჰკითხა, როდის აპირებდა რუსეთის რეზოლუციების შესრულებას.
"თქვენი შეკითხვა რიტორიკულია და იმედია, ჩემგან ისეთ პასუხს არ ელით, რომ რეზოლუციებს ხვალვე შევასრულებთ. უკვე ვთქვით, რომ არ შევასრულებთ რეზოლუციებს, რომელიც პოლიტიზებულია და არსებულ რეალობას არ ითვალისწინება. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია", - განაცხადა ლავროვმა.
მისი შეფასებით, ევროსაბჭო არ უნდა ეცადოს გადაწყვიტოს ის საკითხები, რომელიც უკვე გადაწყვეტილია და აღარასდროს შეიცვლება.
"იმედია, ეს პატივცემული ორგანო საკითხის პოლიტიზებას მოეშვება და სამომავლოდ ამ საკითხზე დისკუსიებს სწორი მიმართულებით წაიყვანს", - აღნიშნა ლავროვმა.