საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ქ. პარაკასში, პერუში წ. 1-3 ივლისს გამართულ ორგანიზაციის მე-10 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს.
საგარეო უწყების ცნობით, წყნარი ოკეანეთის ალიანსი წარმოადგენს ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკისა და პერუს მიერ დაარსებულ რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც ზემოაღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციასა და აღნიშნული გაერთიანების სხვა ქვეყნებთან თუ სავაჭრო ბლოკებთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთვის წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის შედეგია, ხელს შეუწყობს საქართველოს აღნიშნული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში.