მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის ბედი განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათგან რამდენიმე ხნის წინ გამიჯნულმა დეპუტატებმა.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მათ განუმარტა, რომ საკითხი ჩავარდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი ხუნდაძეს მოუწოდეს, კენჭისყრა კვლავ ჩაეტარებინა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთი ითხოვა.
ამ დღოის განმავლობაში სხდომაზე უმრავლესობის წევრები გამოცხადნენ და კენჭისყრა ხელახლა ჩატარდა.
მეორე კენჭისყრის შედეგების თანახმად, საკითხის წინააღმდეგ 8 დეპუტატი წავიდა, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბოლოო ჯამში საკითხი, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ისახავს მიზნად, კენჭისყრაზე ჩავარდა, თუმცა ეს პროცედურულად იმას არ უშლის ხელს, რომ საკითხი განსახილველად რიგგარეშე სხდომაზე გავიდეს.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წინანადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არ მოხდეს, მაგრამ ამ ქმედებაზე პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, ისე არ იყოს გამოყენებული.