საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად, მაგრამ მშვიდად, შეხვდა პროვოკაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დონალდ ტუსკს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები. მე კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობის სახელით გამოვხატე შეშფოთება და აღვნიშნე, რომ ეს არის პროვოკაცია. საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად, მაგრამ მშვიდად, შეხვდა ამას, მაგრამ ჩვენი საერთო მიზანია არ წამოვეგოთ ამას”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ასოცირების პროცესში.