სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, თუ რატომ შემოიფარგლა საქართველოში რუსეთი მხოლოდ სასღვრო ბანერების დადგმით. როგორც მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება არ მიდის რუსეთის პროვოკაციებზე და სწორი ქმედებებით არ აძლევს საოკუპაციო ძალებს საშუალებას განახორციელონ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე.
"ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და რუსეთი აქცია მოპასუხე მხარედ, ანუ ჩვენს მოქმედებებს ის პასუხობს ან მავთულხლართით, ან ბანერით. ის ჩაიციკლა ამ მოქმედებებში. <...> ნახეთ რუსეთი როგორ იქცევა, ბრჭყალებში მრავალფეროვნად, და საშინლად უკრაინაში, და საქართველოში ჩვენ დავუტოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ბანერები და მავთულხლართები, თანაც იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ოკუპირებულია, და აქეთ ვერ გადმოდიან, ცხვირს ვერ ყოფენ“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება „კბილებით აჩერებს რუსეთს და ომს არ უშვებს“, და წუხილი გამოთქვა, რომ ყოფილმა მმართველმა ძალებმა ეს ვერ შეძლეს.
„სამი წელია ჩვენ კბილებით ვაჩერებთ და ომს არ ვუშვებთ. ვერც ერთმა ხელისუფალმა, სამწუხარდ ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა, ვერ აიცილა არ შეჰყოლოდნენ რუსეთის პროვოკაციას. ყველაზე დიდი საფრთხეა დღეს რუსეთი მსოფლიოსთვის და ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ არ მივყვებით პროვოკაციაში", - აღნიშნა მინისტრმა.