შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე სანამ ტემპერატურა არ დაიწევს. ამის შესახებ, ენუიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო, ორჭოსანსა და წითელუბანში მხოლოდ ადგილობრივებს შეუშვებენ. როგორც შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი მოსალოდნელი პროვოკაცია და საფრთხეა.
,,საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს. ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება მიზნობრივად გამართლებული არ იყო. ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, მეორე მხრიდან პროვოკაცია გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს", - განაცხადა შალვა ენუქიძემ.
ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეიკრიბა. ისინი ჟურნალისტებისა და ანდრო ბარნოვის ქმედებას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მიერ პროვოკაციული ქმედებების ჩადენის შემდეგ, ადგილობრივების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები ყურადღებას ხელისუფლებასაც სთხოვენ და ამბობენ, რომ სოფელ ხურვალეთში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაცაა.