ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, დღეს სვეტიცხოველში პატრიარქის მიერ ქადაგებისას მისი ხსენების გამო, მადლიერებას გამოთქვამს.
როგორც ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში სამსახურის დროს ყველაზე მეტად მისთვის ალბათ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საშუალება მიეცა გაცნობოდა მის უწმინდესობას.
"მეხილა პირადად რამდენად დიდ როლს თამაშობს იგი ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აფასებენ მას ქართველები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ის, რომ დღეს პატრიარქმა ქადაგებისას ახსენა ჩემი და ჩემი მეუღლის გამგზავრების შესახებ. პატრიარქი არის დიდი ადამიანი, ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი ქართული მართლმადიდებელი თემისა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და სვეტიცხოვლობა მიულოცა.
უწმინდესმა მიმართა ასევე ტაძარში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და მადლობა გადაუხადა საქართველოში მსახურებისათვის.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში", - ბრძანა უწმინდესმა.