„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი რუსეთში ვიზიტის მიზანი რუსულ-ქართული ურთიერთბების დასტაბილურებაა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "რეაქციის" ეთერში მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამასთანავე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული დაპირებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კრემლისგან ვერ მიიღო, რადგან, მისი თქმით, "გარანტიების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების შედეგად და არა თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის შედეგად".
"მე მინდა მოსკოვში ის, რომ მივაღწიო რუსულ-ქართული ურთიერთბების გაუმჯობესებას, მივაღწიო იმას, რომ აღარასოდეს თავზე ბომბები აღარ დაგვაყაროს არავინ და მათ შორის რუსეთმა, მივაღწიო იმას, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული კი არ იყოს, არამედ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტბილურობა, ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რუსეთის ბაზართან.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთთან მოლაპარაკებისა და საუბრის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა, და მე აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ აღდგეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, მივაღწევ იმას, რომ ეს ურთიერთობები იყოს საქართველოს ინტერესების შესაბამისი და მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ აღარასოდეს თავზე ბომბებს მათ აღარავინ დააყრის",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.