პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიღარიბესთან ბრძოლის შესახებ ანგარიში პირდაპირ ეთერში ჩააბარა. როგორც მთავრობის მეთაურმა „2030“-ში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის 50%-ის სიღარიბე ხელისუფლების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. ამასთანავე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ფონის დასაძლევად რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
„პირველივე წელს ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტების დაფინანსება, რომლის ფარგლებში უკვე 135 საწარმო არის შექმნილი, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ამ საწარმოების ფარგლებში. ამას გარდა, 600 საწარმო არის გადაიარაღებული და ჯამში მთლიანად ამ პროგრამაში და ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდო მილიარდ ლარამდე. <...> ამას გარდა, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა, რომელსაც ჰქვია „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე შევქმენით 90-მდე ახალი საწარმო და ამ პროგრამის ფარგლებში 250 მილიონი ლარი დამატებით იქნება ინვესტირებული. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია - სამრეწველო დარგების განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერმა.