საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო წლები მანძილზე არღვევდა კანონს და ყოფილმა მინისტრმა ამისათვის პასუხი უნდა აგოს. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, თუმცა ყოფილი მინისტრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
გარემოს დაცვის სამინისტრო თოფაძემ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანისთვის გააკრიტიკა.
"ასეთი უშედეგო სამინისტრო, როგორიც გარემოს დაცვის სამინისტროა, სხვას ვერ ჩამოვთვლი. ბევრ მაგალითს მოვიყვან, როცა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ და კონსერვატიულად. რაც რეალურად უნდა გაკეთდეს ბიზნესის მხრივ, სამწუხაროდ არ კეთდებოდა. ევროკავშირთან ასოცირებაზე ვსაუბრობთ, სულ იქეთკენ მივდივართ, მაგრამ თქვენ თვითონ ღებულობთ კანონს, რომელიც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდგება. ამას აკეთებს თქვენი ყოფილი მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს და აღიძრება საქმე ძალიან მალე, რომელმაც თავისი ბრძანებით, საშუალება მისცა საქართველოში ასობით ტონა გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შემოსულიყო. რა შედეგს მოიტანს ეს, როცა ევროკავშირის ასოცირებაზე ვსაუბრობთ, ნახეთ ინტერნეტი, რა ამბავი ატყდა 23 მაისის შემდეგ ევროპაში, ამას მთელი მსოფილიო აღუდგა”, - განაცხადა თოფაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი ყველაფერს გამოასწორებს.