"როსარხივმა" კატინის საიდუმლო და სკანდალური დოკუმენტების ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს "როსარხივის" თავმჯდომარემ, ანდრეი არტიზოვმა განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტები რუსეთის უახლოეს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით ქვეყნდება. მისი თქმით, კატინის დოკუმენტების მნიშვნელობის გამო მათზე ხელი მხოლოდ პოლიტბიუროს მაღალჩინოსნებს მიუწვდებოდათ.
"როსარხივის" თავმჯდომარე აყალიბებს ეჭვს, რომ დოკუმენტის გარკვეული ნაწილი გაყალბებულია და პოლონელი ჯარისკაცები რეალურად გერმანელებმა დახოცეს.
არტიზოვს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მდივნის, ლავრენტი ბერიას 1940 წლის მარტით დათარიღებული წერილი მოჰყავს, სადაც ბერია პოლონელი ტყვეების დახვრეტის ბრძანებას გასცემს და რომელზეც სტალინის, მოლოტოვის, მიქოიანისა და ვორშილოვის რეზოლუციებია დადებული, თუმცა არტიზოვის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია. მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დოკუმენტების სინამდვილეს ეჭვის ქვეშ აყენებენ და არტიზოვის თქმით, კატინის ტყეში პოლონელი და საბჭოელი ჯარისკაცები რეალურად გერმანელმა ოკუპანტებმა დახოცეს.
"როსარხივის" თავმჯდომარე პოლონელ ექსპერტებს მოუწოდებს შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მის მოსაზრებას გადაამოწმებს. მისი თქმით, ექსპერტებმა ყველა დაღუპული ჯარისკაცის ისტორიას თავიდან უნდა გადახედონ და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ კატინის ტყეში 1940 წლის გაზაფხულზე 21 857 ჯარისაკაცი დახვრიტეს. კატინის დოკუმენტები "როსარხივის" ვებგვერდზეა განთავსებული.