თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გეგმას თბილისის მერია საკრებულოს დღეს გადაუგზავნის. ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთქვრობის სხდომაზე განაცხადა.
,,ჩვენი ხელისუფლება თითოეულ ოჯქხს მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ისევე როგორც აქამდე ედგა გვერდში და სტიქიის წუთებიდან არც ერთი საათი არ მიუტოვებია თითოეული ოჯახი”, _აღნიშნა ნარმანიამ.
ნარმანიას განმარტებით, თბილისის მერიამ შეიმუშავა სპეციალური წესი რომლის საფუძველზეც მოხდება დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის კომპენსირება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა ამ წესის თანახმად, გამოიყო ორი კატეგორია, პირველს მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთაც სტიქიის შედეგად სახლები დაკარგეს, ან სახლებმა ისეთი დაზიანება მიიღეს, რომ მათი გამაგრება შეუძლებელია. ნარმანიას განცხადებით, ასეთი კატეგორიების ოჯახებისათვის საცხოვრისის უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.
თბილისის მერის თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთაც საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ.