საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის მხარესა და სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ასევე გაიმართა შეხვედრა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან.
მემორანდუმის მიზანია სააგენტოსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, როგორც საშუამავლო რგოლის დახმარებით. ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ხსენებული მიზნების მისაღწევად, შემდგომში ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს მედიატორის როლს ბიზნეს სექტორსა და სააგენტოს შორის და კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა პროექტისათვის ბიზნესის მომზადებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, ტურიზმის ინფრასტრუქტურის წახალისების კომპონენტის კუთხითაც, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის წახალისებასა, ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში სერვისებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა პრეზენტაცია გამართა თემაზე: „მეწარმეობის განვითარების სააგენტო: შედეგები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები“, რაც მეწარმე სუბიექტებისთვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად, მიმდინარე პროექტებში ბიზნესსექტორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად და თავის მხრივ, ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას, მხარი დაუჭიროს მეწარმე-სუბიექტებს, წაახალისოს ახალი საწარმოების შექმნა და გააუმჯობესოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა. გარდა ამისა, პროგრამა კონცენტრირებულია გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.