ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში - თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.
კურსის გავლისთვის, საჭიროა მსურველებმა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.