საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე. რეზიდენციების მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა? ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.